ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩმა სეტი წააგო, მაგრამ მეორე წრეში გავიდა
ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩმა სეტი წააგო, მაგრამ მეორე წრეში გავიდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღიას პირველ წრეში სერიოზული ტესტის გავლა მოუწია – ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ერთი სეტი დათმო გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ, მაგრამ მოახერხა ოთხ სეტში მოგება – 7:6(5), 6:2, 2:6, 6:1.

სერბი ჩოგბურთელი 2020 წელს დაუმარცხებელია – ეს იყო მისთვის ზედიზედ მეშვიდე მოგება. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მეექვსე ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერაში მე-900 მატჩი მოიგო. ამ პრესტიჟულ კლუბში შედიან: გილერმო ვილასი, რაფაელ ნადალი, ივან ლენდლი, როჯერ ფედერერი და ჯიმი კონორსი.

შტრუფთან შეხვედრა ორი საათი და 16 წუთი გაგრძელდა და გამოჩნდა, რომ ნოვაკი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. სერბმა ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, აქედან სამჯერ – მესამე სეტში. თავად ჯოკოვიჩმა 11 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა.