ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩმა ფედერერი სამ სეტში დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩმა ფედერერი სამ სეტში დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი კარიერაში 50-ედ უპირისპირდებოდა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს და სამ სეტში მოიგო – 7:6(1), 6:4, 6:3.

ფედერერმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეტოქეს პირველ სეტში გაუწია და ახლოს იყო პარტიის მოგებასთან. შვეიცარიელი ორჯერ იგებდა ბრეიკით, 4:1-ზე მეტოქის მოწოდებაზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, 5:3-ზე კი სეტზე აწვდიდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა და ცოტა ხანში ტაი-ბრეიკზე განადგურდა.

ამის შემდეგ, ჯოკოვიჩმა დიდ უპირატესობას მიაღწია და მატჩის ბოლომდე ბრეიკ-პოინტამდე აღარ მიუშვა ლეგენდარული მეტოქე. თავად სერბმა ამ სეტებში თითო ბრეიკი აიღო და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად. შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერმა – შვიდიდან ორი. როჯერი ძალიან ბევრს ცდებოდა და 35 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, ნოვაკმა გაცილებით სუფთად ითამაშა და მხოლოდ 18 შეცდომა დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში ჯოკოვიჩმა გაზარდა ანგარიში – 27:23. სერბის მეტოქე ფინალში პარასკევს გაირკვევა, როცა მეორე ნახევარფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ითამაშებენ.