ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა წაგებული მატჩი გადაარჩინა
ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა წაგებული მატჩი გადაარჩინა

ავსტრალიის ღია პირველობის მეხუთე სათამაშო დღის მშვენება აღმოჩნდა ბოლო მატჩი, რომელშიც შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ავსტრალიელ ჯონ მილმენს ხვდებოდა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი ძალიან ახლოს იყო წაგებასთან. მილმენი მეხუთე სეტში ბრეიკით იგებდა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკში, რომელიც 10 ქულის მოგებამდე გრძელდება, 8:4-ს იგებდა და სწორედ აქ, ფედერერმა კარიერაში მორიგი სასწაული ჩაიდინა – ზედიზედ ექვსი ქულა აიღო, მოიგო ტაი-ბრეიკი და მასთან ერთად მატჩი.

შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ხუთ სეტში დასრულდა – 4:6, 7:6(2), 6:4, 4:6, 7:6(8).

თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. მილმენმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხი გამოიყენა, ფედერერმა – ათიდან სამი. როჯერი აქტიურად თამაშობდა და 62 „ვინერსი” დააგროვა, მაგრამ, ამასთან, 82 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მერვედფინალში ფედერერი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.