ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა შვიდი მატჩბოლი მოიგერია და პირველი ნახევარფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა შვიდი მატჩბოლი მოიგერია და პირველი ნახევარფინალისტი გახდა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში მორიგი სასწაული ჩაიდინა. ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა შვიდი მატჩბოლი მოიგერია და ხუთ სეტში დაამარცხა ამერიკელი ტენის სანდგრენი – 6:3, 2:6, 2:6, 7:6(8), 6:3. შეხვედრა ზუსტად სამსაათნახევარი გრძელდებოდა.

ფედერერს კრიტიკული მომენტი მეოთხე სეტის ბოლოს დაუდგა. 4:5-ზე და საკუთარ მოწოდებაზე მან სამი მატჩბოლი მოიგერია, ტაი-ბრეიკზე 3:6 ჩამორჩა და ამერიკელს სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ სანდგრენმა ეს შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვა. 6:7-ზე ფედერერმა რიგით მეშვიდე მატჩბოლი მოიგერია და საბოლოოდ, თითქმის წაგებული სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეხუთე პარტიაში კი დემორალიზებულ მეტოქეს იოლად გაუსწორდა.

ეს ამ ტურნირზე ფედერერის მეორე გადარჩენა იყო. შეგახსენებთ, რომ მესამე წრეში შვეიცარიელი ავსტრალიელ ჯონ მილმენთან მეხუთე სეტის ტაი-ბრეიკზე 4:8-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და მერვედფინალში გავიდა.

როჯერ ფედერერმა მეთხუთმეტედ ითამაშა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში და მეთხუთმეტედ გავიდა ნახევარფინალში. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელს 2017 წლიდან მოყოლებული, ავსტრალიის ღიაზე ექვსი ხუთსეტიანი მატჩი დაუგროვდა და ექვსივე მოიგო.