ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა ცუდი სტარტის შემდეგ ფუჩოვიჩი გაანადგურა
ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერმა ცუდი სტარტის შემდეგ ფუჩოვიჩი გაანადგურა

ავსტრალიის ღია პირველობის მეშვიდე სათამაშო დღის ბოლო მატჩში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ოთხ სეტში დაამარცხა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი, რომელმაც მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ლეგენდარული მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პირველ პარტიაში უნგრელმა ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მის მოწინააღმდეგეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუღია. ფედერერმა თამაშში გარდატეხა მეორე სეტიდან შეიტანა, როცა 1:1-დან ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო და 4:6, 6:1, 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ფუჩოვიჩმა სცადა ინიციატივის დაბრუნება, რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ერთი ბრეიკიც შეასრულა, მაგრამ მაინც უშანსოდ იყო. როჯერმა ორ საათსა და 13 წუთში 4:6, 6:1, 6:2, 6:2 მოიგო.

ფედერერი მეთოთხმეტედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში და ამ ეტაპზე ამერიკელ ტენის სანდგრენს შეხვდება.