ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერი და ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ერთმანეთს 50-ედ შეხვდებიან
ავსტრალიის ღია 2020 - ფედერერი და ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ერთმანეთს 50-ედ შეხვდებიან

მამაკაცთა ტურნირის მეორე ნახევარფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში ძალიან იოლად მოუგო კანადელ მილოშ რაონიჩს – 6:4, 6:3, 7:6(1). მატჩი ორი საათი და 56 წუთი გაგრძელდა.

ამ შეხვედრამდე რაონიჩს წინა ოთხ მატჩში არც ერთი საკუთარი გეიმი არ ჰქონდა წაგებული და კარგ ფორმას აჩვენებდა. ამასთან, ჯოკოვიჩს ცხრიდან ცხრა მატჩში ჰყავდა დამარცხებული კანადელი.

სერბმა ეს სერია 10 მატჩამდე გააგრძელა, თანაც რაონიჩისგან დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ჯოკოვიჩს შეეძლო უფრო იოლადაც მოეგო ეს მატჩი, მაგრამ 16-დან მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. თავად რაონიჩმა ჯამში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ბრეიკამდე ვერ მივიდა.

ნოვაკი იშვიათად ცდებოდა მატჩში და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დააგროვა. ერთადერთი, რაც მის სტატისტიკაში არ იყო მოსაწონი – მეორე მოწოდებით მოგებული ქულების პროცენტია – 48.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერს შეხვდება. ეს იქნება მათი 50-ე დაპირისპირება. სერბი წინ არის – 26:23. ნოვაკმა მელბურნში ბოლო სამი მატჩი მოუგო როჯერს – სამივე ნახევარფინალში (2008, 2011, 2016).