ავსტრალიის ღია 2020 - ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა
ავსტრალიის ღია 2020 - ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას მეორე წრეში ითამაშებს. მსოფლიოს 27-ე ნომერმა ოთხსაათიან მარათონში ხუთ სეტში დაამარცხა კორეელი სუნ-ვუ კვონი, რომელიც 87-ე პოზიციაზე რეიტინგში – 6:7(5), 6:4, 7:5, 3:6, 6:3.

ბასილაშვილს უფრო იოლად შეეძლო მოგება. მაგალითად, პირველ სეტში 5:3-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე დათმო პარტია. მეორე სეტშიც ქართველი ბრეიკით იგებდა, კორეელმა უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიკამ მაინც მოიპოვა უპირატესობა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში უკვე ბასილაშვილს მოუწია მდევრის როლში ყოფნა – ორჯერ აგებდა ბრეიკით, ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ მესამე ბრეიკიც შეასრულა, რითაც სეტებში პირველად დაწინაურდა.

მეოთხე სეტში ნიკას ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, კვონმა კი მეოთხე გეიმში ბრეიკი გაახერხა და საჭირო გახდა მეხუთე სეტის თამაში.

გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა კორეელს. კვონიც ცოტას ცდებოდა თავის გეიმებში, მაგრამ ერთხელ ბასილაშვილმა მაინც მოიპოვა ბრეიკ-პოინტი, რომელიც ხელიდან არ გაუშვა და ამან მეორე წრის საგზური მოუტანა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 22 ეისით დაასრულა შეხვედრა, პირველ მოწოდებაზე ქულების 73 პროცენტი მოიგო, მეორეზე ძალიან ცოტა – 44 პროცენტი. 18 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 66 “ვინერსი” დააგროვა და 55 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო რუს ევგენი დონსკოის. ეს მატჩი ხუთშაბათს გაიმართება.

ქართველი და ესპანელი პროფესიულ ტურში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ანგარიში თანაბარია – 1:1. 2018 წელს, პეკინის ტურნირზე ბასილაშვილმა 7:6(3), 6:4 მოიგო, 2019 წელს, ვენაში ვერდასკომ სამ სეტში იმარჯვა – 4:6, 6:2, 6:1.