ავსტრალიის დედაქალაქთან ისევ ხანძარს ებრძვიან
ავსტრალიის დედაქალაქთან ისევ ხანძარს ებრძვიან

ავსტრალიის დედაქალაქთან ხანძარი კვლავ მძვინვარებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ცეცხლი კანბერას გარეუბნებთან ახლოს 55 ათას ჰექტარზეა მოდებული.

როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, ამ ეტაპზე მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.

მანამდე ავსტრალიის ხელისუფლებამ კანბერაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ხანძარი დასახლებულ ზონას უახლოვდებოდა და მისი ლოკალიზება შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, ხანძრის ინტენსივობამ დაიკლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლება გახდა. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის დედაქალაქის გარეუბნების მცხოვრებლებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ხელისუფლების მითითებებს დაემორჩილონ.

ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.