ავსტრალიაში შესვლის წესი, შესაძლოა, რაფაელ ნადალმაც დაარღვია #1TVSPORT
ავსტრალიაში შესვლის წესი, შესაძლოა, რაფაელ ნადალმაც დაარღვია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „სიდნეის“ ნახევარმცველმა მილოშ ნინკოვიჩმა მხარი დაუჭირა თანამემამულე ნოვაკ ჯოკოვიჩს და ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის მაგალითზე ავსტრალიის მთავრობას ანტიკოვიდურ წესებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი.

ნინკოვიჩმა ივარაუდა, რომ ავსტრალიის მთავრობა უსამართლოდ მოეპყრა ჯოკოვიჩს, პარალელურად კი წესებს გადაუხვია ჩოგბურთის მეორე ლეგენდის ნადალის ქვეყანაში დაშვების დროს.

„სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ბევრ ჩოგბურთელზე დაუშვეს გამონაკლისი და მხოლოდ ნოვაკი მოხვდა იზოლაციაში. თუ თქვენ ავსტრალიის მოქალაქე ხართ, იმყოფებით ქვეყნის გარეთ და კორონავირუსით დაავადდით, არ შეგიძლიათ ავსტრალიაში შესვლა მომდევნო 14 დღის განმავლობაში. ეს წესი ეხება როგორც ავსტრალიელებს, ასევე ყველა დანარჩენს.

ეს საკითხი არავის დაუსვამს. როგორც მე მახსოვს, ნადალმა განაცხადა, რომ 19 ან 20 დეკემბერს შეეყარა კორონავირუსი, ავსტრალიაში კი 30 ან 31 დეკემბერს ჩავიდა. შესაბამისად, ორ კვირაზე ნაკლები იყო გასული“, – განაცხადა ნინკოვიჩმა.

ნადალმა 20 დეკემბერს გამოაცხადა, რომ კორონავირუსით არის ავად – ეს მოხდა აბუ დაბის ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ. თავად რაფა იმ მომენტში ესპანეთში იმყოფებოდა. მაგრამ უკვე 31 დეკემბერს ნადალი მელბურნში ჩავიდა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად.

ავსტრალიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოგზაურებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში წერია, რომ არ შეიძლება დადებითი კოვიდ-ტესტის მიღების მომენტიდან ქვეყანაში შესვლა 14 დღის განმავლობაში. ეს წესი ვაქცინირებულებმაც უნდა დაიცვან.