ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ვიქტორიას შტატის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიაში ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან 19 იანვარს ჩავიდა. როგორც ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ის იზოლირებულია და მკურნალობის კურსს გადის.

ამის პარალელურად, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მედიკოსები ახალ ვირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს ამოწმებენ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსით მათი დაინფიცირება არ დასტურდება.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მალაიზიაშიც. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ვირუსით დაინფიცირებული სამი ადამიანი ჩინეთის მოქალაქეა.