ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალა
ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ქვეყანამ გასულ წელს მიიღო კანონი, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს უკრძალავს სოციალური მედიის ანგარიშების გამოყენებას, ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა „ტიკტოკი“, „ინსტაგრამი“, „იუთუბი“, „ფეისბუქი“ და „რედითი“. აღნიშნული აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში. კანონის მიხედვით, თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან ახალ წესებს, მათ 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა.
„ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა“, – განაცხადა ალბანეზმა.
ვიდეომიმართვაში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს მოუწოდა, „დაკავდნენ ახალი სპორტით, ისწავლონ ახალ ინსტრუმენტზე დაკვრა ან წაიკითხონ ის წიგნი, რომელიც უკვე დიდი ხანია, თაროზე დევს“.
მთავრობაში აცხადებენ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე, 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 86 პროცენტი სოციალურ მედიას იყენებდა.