ავღანეთში, საარჩევნო შტაბში აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, საარჩევნო შტაბში აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში საარჩევნო შტაბში მომხდარი აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. ამის შესახებ ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება. დაშავებულებს შორის დეპუტატობის კანდიდატი სალეჰ მოჰამად აჩაკზაიც არის.

ჰელმანდის პროვინციის ქალაქ ლაშკარგაჰში, საარჩევნო შტაბში თავდასხმა დღის პირველ ნახევარში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შენობაში შესვლის შემდეგ აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნებს ქვეყანაში მოქმედი მოძრაობა „თალიბანი“ და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახწელმწიფო“ ეწინააღმდეგებიან.