ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ტერაქტი მოხდა
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ტერაქტი მოხდა

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლებისა და ნატო-ს წარმომადგენლები ადასტურებენ.

ავღანური მედიასაშუალება „ტოლო ნიუსის“ ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 30-ს აღწევს და ყველა მათგანი მშვიდობიანი მცხოვრებია.

ამასთან, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქების შემდეგ თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, რა დროსაც, მათ უცხოური ძალები დაუპირისპირდნენ. „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა მოგერიებულია. ავღანეთში ნატო-ს მისიის „მტკიცე მხარდაჭერის“ წარმომადგენელთა განცხადებით, კოალიციის ძალებს შორის არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სამედიცინო ცენტრი.

ბაგრამის ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.