ავღანეთში აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩები ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს
ავღანეთში აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩები ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს

ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის შენობიდან ელჩის ევაკუაცია განხორციელდა და ის ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, ქაბულის აეროპორტში გადაიყვანეს ავღანეთშიც საფრანგეთის ელჩი. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. საელჩო მასზე დაკისრებულ საქმიანობას აეროპორტიდან განაგრძობს.

მინისტრის განცხადებით, ავღანელები, რომლებიც ფრანგებს ეხმარებიან, აგრეთვე ევაკუირებულნი იქნებიან ქვეყნიდან.

„მიმდინარე წლის მაისიდან 600-მა ავღანელმა დატოვა ქვეყანა, რომლებიც ფრანგებთან თანამშრომლობდნენ. ამჟამად ქაბულის აეროპორტი ყველაფერს აკეთებს, რათა ვიზების გაცემა დააჩქაროს“, – აღნიშნა ლე დრიანმა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.