ავღანეთის პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ ძალაუფლების განაწილების ხელშეკრულება გააფორმეს
ავღანეთის პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ ძალაუფლების განაწილების ხელშეკრულება გააფორმეს

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ ძალაუფლების განაწილების ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, აბდულა აბდულა ეროვნული შერიგების უმაღლეს საბჭოს უხელმძღვანელებს აღმასრულებელი ძალაუფლებით და მისი გუნდის წევრები კაბინეტში 50 პროცენტით იქნებიან წარმოდგენილი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ​აბდულამ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბებთან, რომლებმაც უკვე გააფორმეს საეტაპო ხელშეკრულება ვაშინგტონთან, რაც ავღანეთიდან საგარეო ძალების გაყვანას ითვალისწინებს.

ავღანური გამოცემა, „ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, შეთანხმების კიდევ ერთი კომპონენტი არის ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დოსტუმისთვის მარშალის წოდების მინიჭება.

ავღანეთში, გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდა. საბოლოო შედეგები მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რაც ორივე მხარისთვის სადავო აღმოჩნდა. აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ თავი პრეზიდენტებად გამოაცხადეს და ინაუგურაციის ცერემონიები გამართეს.