ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ ძალადობის შემცირებაზე შეთანხმდნენ
ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ ძალადობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ ძალადობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებმა დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. სამშვიდობო კონფერენცია ყატარისა და გერმანიის ორგანიზებით გაიმართა.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ავღანეთის ხელისუფლება და მოძრაობა „თალიბანის“ წევრები შეთანხმდნენ, შეწყვიტონ თავდასხმები საგანმანათლებლო და რელიგიურ ცენტრებზე, არასამთავრობოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. მხარეები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმათა რიცხვის შემცირება და დაჭრილი და მოხუცი ტყვეების გათავისუფლებაა.

გერმანული სააგენტოების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, „ისლამური ღირებულებების ფარგლებში დაიცვან ქალთა უფლებებიც“.

ავღანეთსა და პაკისტანში გერმანიის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარკუს პორტცელმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მომდევნო მოლაპარაკებები უზბეკეთსა და ევროპაში გაიმართება.

„თალიბანისა“ და აშშ-ის მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო. თალიბები ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანას ითხოვენ.