ავღანეთის მედია - „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებასთან ბრძოლას განაგრძობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ორგანიზაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა
ავღანეთის მედია - „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებასთან ბრძოლას განაგრძობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ორგანიზაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებასთან ბრძოლას განაგრძობს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორგანიზაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

ავღანური მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ ბრძოლას მანამდე აპირებს, ვიდრე ქვეყანას უცხოელი ჯარისკაცები არ დატოვებენ. ამასთან, მათივე ცნობით, თალიბები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.

„თალიბანის“ ლიდერებთან დაგეგმილი საიდუმლო შეხვედრისა და კვირას კემპ-დეივიდის რეზიდენციაში ავღანეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი მოლაპარაკებების გაუქმების თაობაზე დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ხუთშაბათს ქაბულში განხორციელებულ მორიგ ტერაქტს 12 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.