ავღანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს
ავღანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს

ავღანეთის დაზვერვის ინფორმაციით, აშშ-ისა და ავღანეთის მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია. საუბარია ასიმ უმარზე, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების ინდოეთის სუბკონტინენტურ ნაწილში მოქმედ ფრთას ხელმძღვანელობდა.

ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, უმარი სექტემბერში, ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიღუპა 40 სამოქალაქო პირი. აშშ-სა და „ალ-ქაიდას“ ასიმ უმარის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

სპეცოპერაციის დროს ავღანელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ასევე განახორციელეს „ალ-ქაიდას“ კიდევ ექვსი წევრის ლიკვიდაცია. მათი უმრავლესობა პაკისტანელი იყო.

მომხდარის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ასიმ უმარი წარმოშობით ინდოეთიდანაა. ის ძირითადად პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებებს აფარებდა თავს.