ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე კონგრესში ენტონი ბლინკენის მოსმენა მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა
ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე კონგრესში ენტონი ბლინკენის მოსმენა მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა

კონგრესში ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსმენა მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავღანეთიდან ძალების გაყვანის კრიტიკის საპასუხოდ ბლინკენმა დაიცვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, გასულიყო ავღანეთიდან და უარყო ბრალდებები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა ამერიკელებისა და რისკჯგუფში მყოფი ავღანელების დასახმარებლად.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენების დროს სახელმწიფო მდივანმა წინამორბედი ადმინისტრაცია აშშ-ის ძალების გაყვანის გეგმის არარსებობაში დაადანაშაულა.

კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა დიპლომატმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ძალების გაყვანა მოძრაობა „თალიბანთან“ შეათანხმა. როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ არ განიხილა თალიბებთან დადებული შეთანხმების პირობების გადახედვა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დაჯგუფება ამერიკელებზე თავდასხმებს განაახლებდა.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეტი ხნით დარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ან მთავრობას უფრო მეტად მდგრადს ან თვითმყოფადს გახდიდა. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ უკიდურესი ვადა. ჩვენ არ მიგვიღია მემკვიდრეობით გეგმა“, – განაცხადა ბლინკენმა.

სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს.

„ამერიკელ ხალხს არ უყვარს წაგება, განსაკუთრებით ტერორისტებთან. თუმცა, ეს არის სწორედ ის, რაც მოხდა“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მაიკ მაკკოლმა, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა.

კონგრესმენი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ შეინარჩუნა აშშ-მა ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა ბაგრამის ავიაბაზა და რატომ არ მიაღწია მეზობელ ქვეყნებთან სადაზვერვო და კონტრტერორისტულ შეთანხმებებს.

„ეს არის საშიშროება ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან იქ ჩინეთი შედის. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მათ დაიკავეს ბაგრამი“, – აღნიშნა მაკკოლმა.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ საფრთხეების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს.

კონგრესის წევრების კრიტიკული კითხვები ეხებოდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის სწრაფ მარცხს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესს. რესპუბლიკელებმა მწვავედ გააკრიტიკეს ბაიდენის ადმინისტრაცია იმ მოვლენების გამო, რაც ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის დროს ხდებოდა. დემოკრატმა კანონმდებლებმა შეშფოთება გამოთქვეს ავღანეთში დარჩენილი ამერიკელებისა და იმ ავღანელების გამო, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ამჟამად ავღანეთში 100-მდე ამერიკელი რჩება, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.