ავარიაში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
ავარიაში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT

ტოდორ ნედელევი საქართველოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გუნდის ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მატჩის გასამართად თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების დელეგაცია აეროპორტიდან სასტუმროში ორი ავტობუსით მიემგზავრებოდა, როდესაც გვირაბში ერთმანეთს შეეჯახნენ.

ამ ავარიის დროს ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველს, ტოდორ ნედელევს თავის ქალა დაუზიანდა და სასწრაფოდ ოპერაცია დასჭირდა. ოპერაცია პროფესორმა შალვა ინგოროყვამ მაღალ დონეზე ჩაატარა და როგორც ბულგარული მხარე აღნიშნავს, ფეხბურთელი გადაარჩინა.

ტოდორ ნედელევი ამ ხნის განმავლობაში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ექიმის, ბისერ ბოჩევის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აეროპორტში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააცილა.

ნედელევი პლოვდივის „ბოტევში“ თამაშობს, რომელიც კონფერენს ლიგაზე გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის „აპოელს“ შეხვდება. თუმცა, ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი გუნდს მინიმუმ სამი თვე ვერ დაეხმარება.