ავარიაში დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა - ის სრულად სამ თვეში გამოჯანმრთელდება #1TVSPORT
ავარიაში დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა - ის სრულად სამ თვეში გამოჯანმრთელდება #1TVSPORT

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სპიკერმა, ვიქტორ იგნატოვმა გამოცემა „ნოვასთან“ ისაუბრა იმ ავარიის შესახებ, რომელიც ბულგარეთის ნაკრებს გუშინ, ღამით, თბილისში შეემთხვა.

საქართველოს დედაქალაქში ორი სამფეროვანი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა თოდორ ნედელევი. პლოვდივის „ბოტევის“ ფეხბურთელს თავის ქალის ოპერაცია ჩაუტარდა.

„ტოდორ ნედელევის მდგომარეობა დასტაბილურდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით, რადგან თავის ქალას ოპერაცია დასჭირდა. მადლობა ღმერთს, ავარიის დროს დელეგაციის წევრებმა ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს, რაც გადამწყვეტი იყო ნედელევისთვის. შეუძლებელია ასეთი რამის აღწერა, თუ არ გამოგიცდია“, – განაცხადა იგნატოვმა ტელეკომპანია „ნოვაში“.

„ჩემი აზრით და ექიმების თქმით, თოდორ ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირების წყალობით ყველაფერი უკვე კონტროლს ექვემდებარება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი არის ის, რომ სამ თვეში ნედელევი სრულად გამოჯანმრთელდება, მაგრამ ერთი კვირა მაინც თბილისში დარჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შემდეგ გადაიყვანენ ბულგარეთში და გააგრძელებს მკურნალობას. ფიზიკურად სხვა არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ბულგარელთა პრეს-სპიკერმა.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.