აუტსაიდერების დაპირისპირება „გაგრამ“ მოიგო #1TVSPORT
აუტსაიდერების დაპირისპირება „გაგრამ“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის აუტსაიდერების დაპირისპირებაში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 4:1.

29-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „პეტრო არენაზე“ გაიმართა, „თელავი“ მოედანზე თამაზ ოდიკაძემ გაიყვანა. მან დროებით ჩაანაცვლა გიორგი მიქაძე – ელიგის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებლი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი დატოვა და „საბურთალოში“ გადავიდა.

ეს იყო ე.წ. ექვსქულიანი მატჩი, რადგან უშუალო კონკურენტების შეხვედრაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თამაში „გაგრამ“ კარგად დაიწყო და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ თელაველების კარი თორნიკე ჯანგიძემ აიღო. 33-ე წუთზე კი საბა მამაცაშვილმა მასპინძლების უპირატესობა შორეული ძლიერი დარტყმით გაზარდა.

მეორე ტაიმში „თელავი“ ანგარიშის შემცირებას და თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ „გაგრამ“ უპირატესობა გაზარდა. მასპინძლებმა 70-ე წუთზე შეტევა შეაჩერეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ბოსნიიდან დაბრუნებულმა გიორგი ივანიძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. 88-ე წუთზე „თელავის“ ბრაზილიელმა მცველმა ტომელინ გუტიერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო საბოლოო ანგარიში სტუმართა კაპიტანმა, ირაკლი რუხაძემ 90-ე წუთზე დააფიქსირა.

„გაგრამ“ 29 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა და ისევ მეცხრე ადგილზე დარჩა, მაგრამ „თელავთან“ (31) და „სამტრედიასთან“ (29) სხვაობა შეამცირა.