აურელიო დე ლაურენტისი - იტალიამ უკრაინასთან კარგად ითამაშა, თუმცა უკრაინელების სასარგებლოდ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა #1TVSPORT
აურელიო დე ლაურენტისი - იტალიამ უკრაინასთან კარგად ითამაშა, თუმცა უკრაინელების სასარგებლოდ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, იტალიისა და უკრაინის მატჩში მომხდარ საკამათო ეპიზოდზე, როდესაც უკრაინელთა სასარგებლოდ მატჩის მთავარმა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

უკრაინას ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იტალიასთან გამარჯვება სჭირდებოდა, იტალია კი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც მოხვდებოდა.

90 წუთის განმავლობაში გოლი არ გასულა, მატჩის მიერ დამატებულ წუთებზე იტალიელმა ბრაიან კრისტანტემ მიხაილო მუდრიკი საკუთარ საჯარიმოში წააქცია, თუმცა საკამათო ეპიზოდის განხილვაში არც ვიდეორეფერი ჩაერთო და ესპანელმა მსაჯმა, ხესუს ხილ მანსანომ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.

როგორც დე ლაურენტისი თვლის, იტალიელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა პენალტი დასანიშნი იყო და მთავარი არბიტრი შეცდა.

„იტალია თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მსაჯი შეცდა, მას უკრაინის სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან „ნაპოლის“ პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა არ აქვს. ამჟამად „ნაპოლი“ ფედერაციას ლუჩანო სპალეტის კონტრაქტთან დაკავშირებით უჩივის და თვლის, რომ მასთან შეთანხმების დროს ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტი დაირღვა.

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაინიშნა.