აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი გაიყიდა
აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი გაიყიდა

ჩოგანი, რომლითაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 2018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა, Golding-ის აუქციონზე გაიყიდა. მყიდველმა ნივთში 20.9 ათასი გადაიხადა.

სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიას ფინალში (ნაომი ოსაკას წინააღმდეგ) ჩოგანი დაამტვრია. მაშინ ის ბევრს კამათობდა მსაჯებთან და ორი გაფრთხილება მიიღო, რის გამოც მოგებული გეიმი ჩამოაკლეს. საბოლოოდ, ტიტული ოსაკამ მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, ეს ჩოგანი 22 წლის სტუდენტს ჯასტინ არინგტონ-ჰოლმსს ერგო, რომელიც ფინალში ბურთების მიმწოდებლად მუშაობდა. მან ადგილობრივ მაღაზიას ჩოგანი 500 დოლარად მიჰყიდა. ამის შემდეგ, ნივთის ახალმა მფლობელმა ის აუქციონზე გაიტანა და სოლიდური მოგებაც ნახა.