ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში ბასილაშვილი TOP20-ში აღარ არის - ფედერერი მეექვსე ჩოგანი ხდება
ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში ბასილაშვილი TOP20-ში აღარ არის - ფედერერი მეექვსე ჩოგანი ხდება

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი კვირის შემდეგ, ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგის ტოპ-ოცეულში ვერ ვხედავთ ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

მან ავსტრალიურ „დიდ სლემზე“ ორი ეტაპი გაიარა და ამით, შარშანდელი შედეგი გაიმეორა. შესაბამისად, ბასილაშვილს ქულების იგივე რაოდენობა დარჩა. TOP20-დან გამოვარდნა კი იმან გამოიწვია, რომ მელბურნში მეოთხედფინალში გააღწია ესპანელმა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა. ამით მან შვიდი საფეხური მოიგო და ოცეულში შეაღწია. ასევე TOP20-ში შევიდა ბელგიელი დავიდ გოფენი. სწორედ ამ ორმა ჩოგბურთელმა გამოაძევა ბასილაშვილი ტოპ-ოცეულიდან.

მერვედფინალში წაგების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მესამედან მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. სამი ადგილი დაკარგა და მეათე ადგილამდე ჩამოვარდა შარშანდელი ფინალისტი მარინ ჩილიჩი, რომელიც ასევე მერვედფინალში დამარცხდა.