ATP Cup 2020. საქართველო-იაპონია - ბასილაშვილი ნიშიოკასთან ორ სეტში დამარცხდა
ATP Cup 2020. საქართველო-იაპონია - ბასილაშვილი ნიშიოკასთან ორ სეტში დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ATP Cup-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაც დათმო. ამჯერად, ქართველი ჩოგბურთელები იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის პირველ დაპირისპირებაში გო სოედამ ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა ალექსანდრე მეტრეველი. ამის შემდეგ, კორტზე გუნდების პირველი ნომრები გავიდნენ – ნიკოლოზ ბასილაშვილი და იოშიჰიტო ნიშიოკა.

ნიშიოკამ პირველ ტურში ურუგვაის წინააღმდეგ ძალიან კარგი სპორტული ფორმა აჩვენა – პაბლო კუევასი ანგარიშით 6:0, 6:1 გაანადგურა. ასე რომ, ბასილაშვილს რთული გამოცდა ელოდა, რაც პირველმა სეტმაც დაადასტურა.

იაპონელმა უკვე მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა უკუბრეიკის შანსი – მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ნიშიოკამ არათუ შეინარჩუნა უპირატესობა, სეტის ბოლოს მეორე ბრეიკიც შეასრულა და დაწინაურდა.

მეორე სეტში ბასილაშვილი თითქოს უკეთ გამოიყურებოდა. მესამე გეიმში მან პირველი ბრეიკი შეასრულა. მართალია, ნიშიოკამ იქვე ბრეიკით უპასუხა მეტოქეს, მაგრამ მომდევნო გეიმებში ქართველმა რვა ბრეიკ-პოინტის მოპოვება შეძლო, თუმცა მეორე ბრეიკამდე ვერ მივიდა. საბოლოოდ, ნიკა ამ გამოუყენებელი შანსის გამო დაისაჯა – მერვე გეიმში მან „მშრალი“ ანგარიშით წააგო საკუთარი მოწოდება და იაპონელმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო – ნიშიოკამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და საათსა და 23 წუთში ანგარიშით 6:2, 6:3 გაიმარჯვა.

ასე რომ, წყვილთა თამაშს აზრი დაეკარგა. საქართველომ მეორე მატჩიც წააგო B ჯგუფში და თუ დღეს ესპანეთი ურუგვაის დაამარცხებს, ჩვენი გუნდი პლეიოფში გასვლის თეორიულ შანსსაც გამოემშვიდობება.

დატოვე კომენტარი