ატომური ელექტროსადგურის ავარიული გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთის მთავრობამ დუნაის კალაპოტის შეცვლაში არმია ჩართო

18:25, 12.08.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ მახლობლად, დუნაის ფსკერზე „ბარიერის“ აშენება იგეგმება, რათა მდინარეში წყლის დონის შემდგომი შემცირება არ დაუშვან და ატომური ელექტროსადგურის მუშაობა უზრუნველყოფილი იყოს. ამის შესახებ მადიარმა სოციალურ ქსელებში განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოების ადგილის დათვალიერების შემდეგ მთავრობამ, წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროს ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბარიერს“ დუნაის ფსკერზე, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშსა“ და ქალაქ დუნასენტბენედეკს შორის ააშენებენ და ის მდინარის ორივე ნაპირს დააკავშირებს.

პირველ ეტაპზე დაახლოებით 35 ათასი კუბური მეტრი ქვის გამოყენებაა დაგეგმილი, შემდეგ ეტაპზე კი კიდევ 110 ათასი კუბური მეტრი ქვა იქნება საჭირო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი „რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომ ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ არხში დუნაის წყლის დონე მინუს 90 სანტიმეტრზე დაბლა არ დაეცეს, რაც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ელექტროსადგურს სრული სიმძლავრით მუშაობის საშუალებას მისცემს“.

მთავრობა ამ პროექტს პრიორიტეტულად განიხილავს. სამუშაოების წინასწარი ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიარდი ფორინტია.

მუდმივი ნაგებობის მშენებლობის პარალელურად, ხელისუფლება ამზადებს ორ 80-მეტრიან ბარჟას, რომელთა კონტროლირებადი ჩაძირვაც საჭიროების შემთხვევაში იგეგმება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ამან, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში დუნაიში წყლის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით ასწიოს და ელექტროსადგურის სრულად გაჩერება გამორიცხოს, ვიდრე „ბარიერის“ მშენებლობა დასრულდება.

მადიარმა აღნიშნა, რომ ეს ორი ღონისძიება – ბარიერის მშენებლობა და ბარჟების მზადყოფნა ერთმანეთს შეავსებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გამოსავალი, რომელსაც როგორც ექსპერტები, ისე ხელისუფლება უჭერს მხარს.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს უნგრეთში ძლიერი სიცხის ფონზე ელექტროენერგიის დაზოგვის საგანგებო ზომები ამოქმედდა.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ სიცხით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი დაკავშირებულია იმასთანაც, რომ წინა ხელისუფლებამ, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არ უზრუნველყო ენერგეტიკის საკმარისი დივერსიფიკაცია იმ შემთხვევისთვის, თუკი ატომურ ელექტროსადგურ „პაკშს“ რამე პრობლემა შეექმნებოდა.

მსგავსი