„ატლეტიკო“ ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ „ბარსელონასგან“ 80 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
„ატლეტიკო“ ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ „ბარსელონასგან“ 80 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკო“ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერში „ბარსელონასგან“ 80 მილიონ ევროს ითხოვს, – იუწყება Diario Sport. გამოცემის ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა კატალონიელებს უკვე შეატყობინა, რომ ფელიქსის შეძენა სწორედ ეს თანხა დაუჯდებათ.

„ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი ასეთი დიდ თანხის გადახდას შეძლებს. „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი კლუბის გეგმებზე სწორედ დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბარსელონასგან“ ამ მიმართულებით აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ. შესაბამისად, კატალონიელები ჟოაო ფელიქსთან იჯარის გაგრძელებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსი „ბარსელონას“ რიგებს ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით შეუერთდა. პორტუგალიელმა კატალონიურ გუნდში სულ რვა მატჩი გამართა, გაიტანა სამი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ცხრა ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი (21 ქულით) სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია“, ხოლო „ჟირონა“ – მეორეზე.