„ატლეტიკო“ და „ვილიარეალი“ მაიამიში თამაშს დათანხმდნენ
„ატლეტიკო“ და „ვილიარეალი“ მაიამიში თამაშს დათანხმდნენ

ესპანურმა საფეხბურთო ლიგამ თხოვნით მიმართა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას, რომ დეკემბერში დაგეგმილი მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალს“ შორის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წინადადებაზე ორივე კლუბი თანახმაა და ახლა მხოლოდ ესპანეთის მმართველი საფეხბურთო ორგანოს დასტურია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ „ლა ლიგამ“ მედია-კომპანია „რელევენტთან“ 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში ესპანეთის „პრიმერა დივიზიონის“ ერთი მატჩი სეზონში ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მაიამის სტადიონზე კატალონიური დერბი უნდა გამართულიყო, თუმცა „ბარსელონასა“ და „ჟირონას“ შორის მატჩი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და მოთამაშეთა პროფკავშირის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

მატჩი „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალს“ შორის 6 დეკემბერს არის დანიშნული.