ათკაციანმა „არსენალმა“ ორჯერ გაუთანაბრა „ჩელსის“ და ქულა გადაარჩინა (ვიდეო)

სამშაბათს, 21 იანვარს, „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული ლონდონური დერბი საკმაოდ სანახაობრივი და დრამატული გამოდგა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ მიმდინარე მატჩის 26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ 0-0 იყო, სტუმრები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ. ამის მიზეზი დავიდ ლუისის მიერ საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევა გახდა, რის შედეგადაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად ჟორჟინიომ შეასრულა.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა, „არსენალმა“ პირველი ტაიმის ბოლომდე ამ მინიმალური ჩამორჩენის შენარჩუნება შეძლო, მეორეში კი ანგარიში გაათანაბრა – 63-ე წუთზე ეს მარტინელიმ გააკეთა.

84-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეძლეს წინ გასვლა, როდესაც ასპილიკუეტამ გაიტანა, თუმცა სამ წუთში ბელერინმა კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა და მატჩი 2-2 დასრულდა.

სატურნირო ცხრილში „ჩელსის“ ახლა 40 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება, „არსენალი“ კი 30 ქულით მეათე ადგილზეა.