ათენთან ტყის ხანძარს ებრძვიან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები
ათენთან ტყის ხანძარს ებრძვიან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ათენთან ახლოს მდებარე ტყეში ხანძარს ებრძვიან. დაზიანებულია რამდენიმე სახლი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ათენთან ახლოს მდებარე მთა იმეტის მიდამოებში ცეცხლი დღეს გაჩნდა, რომლის გავრცელებასაც ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარმა ორი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ათენიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებებიდან – გლიფადან და ვოულადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 130 მეხანძრე, ექვსი სახანძრო თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული.

ზაფხულის ამ პერიოდში საბერძნეთში ხშირია ტყის ხანძრების გავრცელება, რასაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. გასულ წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრებმა 300 ათასამდე აკრის ოდენობის ტერიტორია გაანადგურა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.