ათენში ადგილობრივი ბიზნესმენის ლიკვიდაცია სცადეს
ათენში ადგილობრივი ბიზნესმენის ლიკვიდაცია სცადეს

ათენის გარეუბანში ადგილობრივი ბიზნესმენის ლიკვიდაცია სცადეს. მედიის ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, შუქნიშანთან გაჩერების დროს მოტოციკლით მოძრავმა პირმა გაუხსნა ცეცხლი.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის ობიექტი ყავის ბიზნესში იყო ჩართული და წარსულში უკანონო აზარტული თამაშების გამო ბრალიც ჰქონდა წაყენებული.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ექვსი ერთეული მასრა ამოიღეს. იქვეა ნაპოვნი 9მმ-იანი მასრებიც.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ამ ბიზნესმენის ლიკვიდაციის პირველი მცდელობა არ არის. 2016 წელს მისი ავტომობილის აფეთქებას შეეცადნენ, რის შემდეგაც ბიზნესმენმა დაცვა აიყვანა.