ათასი მომენტი და უგოლო ფრე
ათასი მომენტი და უგოლო ფრე

ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორიგი მატჩი გაიმართა.

“სამტრედიასა” და “რუსთავის” შეხვედრაში ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა: მარტო პირველ ტაიმში, სტუმრებს სულ მცირე ოთხჯერ შეეძლოთ კარის აღება, ხოლო მასპინძლებს – ორჯერ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ. მაგრამ მომენტებით კვლავ ვერ ისარგებლეს. 88-ე წუთზე, ”რუსთავის” თავდამსხმელმა მაქაცარიამ ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა და ბადე შეარხია. მთავარმა არბიტრმა მასზე ხელით თამაში დააფიქსირა და ყვითელი ბარათი აჩვენა, რამაც სტუმართა უკმაყოფილება გამოიწვია.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და ვერც ერთმა გუნდმა დაწინაურება ვერ შეძლო – 8 ტურის შემდეგ ”რუსთავი” 11 ქულით მეხუთეზეა და ”ჩიხურას” გასწრების შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო ”სამტრედია” 6 ქულით ისევ ბოლოდან მეორეა.