ატალანტას მწვრთნელი იტალიის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს სკანდალს უწოდებს
ატალანტას მწვრთნელი იტალიის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს სკანდალს უწოდებს

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ სკანდალი უწოდა იმ ფაქტს, რომ იტალიის თასის ფინალში მისი გუნდის სასარგებლოდ ვიდეოგამეორება არ იქნა გამოყენებული. როგორც ირკვევა, სანამ მილინკოვიჩ-სავიჩი მატჩის პირველ გოლს გაიტანდა და რომაულ გუნდს დააწინაურებდა, ატალანტას ფეხბურთელის, მარტენ დე როონის დარტყმული ლაციოს მცველ ბასტოსს ხელზე მოხვდა, თუმცა ეს მომენტი მსაჯებმა უყურადღებოდ დატოვეს.

„როდის უნდა მივმართოთ ვიდეოგამეორებას? როცა ეს მოსახერხებელია? ეს იყო პენალტი და წითელი ბარათი“, – განაცხადა გასპერინიმ, – „ეს სკანდალია. მითხარით, რა მოხდა. რა გამართლება აქვს ამას, გამაგებინეთ“.

მატჩი ლაციოს გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, ატალანტამ კი 1963 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.