„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებს მილანში ჩაატარებს
„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებს მილანში ჩაატარებს

ბერგამოს „ატალანტა“ 2019-2020 წლების ჩემპიონთა ლიგაზე თავის საშინაო მატჩებს მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ჩაატარებს. კლუბმა უკვე მიიღო შესაბამისი თანხმობა „ინტერისგან“, „მილანისგან“ და ქალაქის მთავრობისგან.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვეთანხმებით „ატალანტას“ თხოვნას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების „სან სიროზე“ გამართვის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ „ატალანტასთვის“, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთისთვის, რადგან ჩვენ დავამკვიდრებთ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა და ურთიერთპატივისცემა“, – აცხადებს „მილანის“ წარმომადგენელი.

„სან სიროს“ სტადიონი, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს, ბერგამოდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

გასულ სეზონზე „ატალანტამ“ მესამე ადგილი დაიკავა სერია A-ში და ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.