„ასტონ ვილასთან“ წაგების მიუხედავად, კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემში „ასტონ ვილასთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.
პარიზში მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ფრანგულმა გრანდმა განმეორებითი დაპირისპირება ძალიან კარგად დაიწყო და აშრაფ ჰაკიმისა (11′) და ნუნუ მენდეშის (28′) გოლებით სწრაფად მოიპოვა უპირატესობა.
„ასტონ ვილას“ სხვა გზა არ რჩებოდა, მთელი გუნდით შეუტია და მართალია, იური ტილემანსმა (34′) ანგარიში შეამცირა, მაგრამ პარიზელებმა ტაიმი მოიგეს და, საერთო ჯამში, უპირატესობა მათ მხარეს იყო.
მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და ინგლისელებმა თამაში შემოატრიალეს – 55-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო სამ წუთში ეზრი კონსამ „ასტონ ვილა“ დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში პარიზელთა მეკარემ, დონარუმამ შესანიშნავად ითამაშა.
საბოლოოდ, პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:1, 2:3) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.