აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსალყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.
ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ.
ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
დაფინანსების ნაწილის შეჩერების გარდა, გასული წლის მსგავსად, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ასევე, აღნიშნული კანონპროექტით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
დოკუმენტის მიხედვით, სახაზინო მდივანმა აშშ-ის თითოეული ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს უნდა მისცეს ინსტრუქცია, გამოიყენონ ხმა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთი ინსტიტუტის მხარდაჭერას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საერთო ჯამში, კანონპროექტით 2021 ფისკალური წლისთვის აშშ-ის საგარეო ოპერაციებსა და პარტნიორებს მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 65,87 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რაც 8,467 მილიარდით მეტია გასულ წელთან შედარებით. როგორც ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის ინიციატივა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის და მასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის დაფინანსების 20 პროცენტის შემცირების შესახებ. კანონპროექტი აღადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის დიპლომატიური, განვითარებისა და ჰუმანიტარულ პროგრამებისა და პრიორიტეტების დაფინანსებას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის. ასევე, მოიცავს კორონავირუსზე რეაგირებისთვის გათვალისწინებულ თანხებს.