აშვეთია „სამგურალში“ იმუშავებს - ნაკრების ექსფორვარდი ფრუიძეს დაეხმარება #1TVSPORT
აშვეთია „სამგურალში“ იმუშავებს - ნაკრების ექსფორვარდი ფრუიძეს დაეხმარება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი მიხეილ აშვეთია დაინიშნა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ აშვეთიასთვის „სამგურალი“ უცხო კლუბი არ არის. ის წარმოშობით წყალტუბოს რაიონიდან გახლავთ და საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე, სწორედ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე წვრთნიდა.

მიხეილ აშვეთიამ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ქართულ და რუსულ კლუბებში გაატარა. 2001–2002 წლებში ირიცხებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“ და კარიერის ბოლოს, გერმანულ კლუბ „კარლ ცაისში“. რუსეთში იგი თამაშობდა შემდეგ კლუბებში – ვლადიკავკაზის „ალანია“, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“ და „ნიჟნი ნოვგოროდი“.

„ლოკომოტივში“ თამაშისას მან 2003–04 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონში მილანის „ინტერის“ კარში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და „ლოკომოტივის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა . ის თამაში „ლოკომოტივის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით დამთავრდა – 3:0.

აშვეთია საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით 1995-2005 წლებში გამოდიოდა. „ჯვაროსნებში“ ჩატარებული აქვს 24 თამაში და გატანილი აქვს 5 გოლი.

აშვეთია ფეხურთელის კარიერის შემდეგ მწვრთნელი გახდა და 2016 წლიდან ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობდა. ჯერ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2020 წლიდან 2021 წლამდე – მთავარი მწვრთნელი.