აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის შესახებ 250-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

დოკუმენტი რესპუბლიკელების მიერ მომზადდა, სადაც წერია, რომ არავითარი საიდუმლო გარიგება ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის არ ყოფილა.

რესპუბლიკელებს არ ეთანხმებიან დემოკრატები. ისინი ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მოწმე უნდა დაიკითხოს.

ანგარიში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიმართ მწვავე კრიტიკას შეიცავს და 2016 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო პასუხისმგებლობას სწორედ წინა ხელისუფლებას აკისრებს.

დემოკრატები დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირების დაკითხვას ითხოვენ. ესენი არიან ჯარედ კუშნერი – დონალდ ტრამპის სიძე, პრეზიდენტის შვილი – დონალდ ტრამპ უმცროსი და როჯერ სტოუნი – პრეზიდენტის მრჩეველი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს დამოუკიდებელი პროკურორი რობერ მიულერი და ფედერალური საგამოძიებო ბიურო ერთი წელია იძიებენ. პირველი დეტალები სამი თვის წინ გამოაშკარავდა. როცა რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურ წაუყენეს, მათგან სამს კონსპირაციულ პროექტ „ლახტა“-ში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა, კრემლიდან დაფინანსებული საიდუმლო კომპანია, რომელსაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება ევალება.

ახალი დეტალები გამოიკვეთა 2018 წლის აპრილის პირველ რიცხვებშიც, როცა მიულერის გუნდმა შვიდი რუსი ოლიგარქი შეერთებული შტატების წინააღმდეგ რუსული კამპანიის დაფინანსებაში ამხილა. მათ და 17 რუს პოლიტიკოსს სანქციები დაუწესეს.