აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია, რომელიც რუსული გაზსადენის პროექტის მიმართ პროტესტს გამოხატავს, მისი განხორციელების შესაჩერებლად სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობა ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის ფარგლებში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება არ არის. მთავარი მიზანი ევროპულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაფუჭება და ბუნებრივი აირის უკრაინული სისტემის დასუსტებაა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, სანქციების დაწესების შემთხვევაში შეზღუდვები პროექტში ჩართულ ევროპულ კომპანიებს შეეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, ის ამერიკელ კანონმდებლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ არსებული პოზიციის ზრდას მიანიშნებს.