აშშ-თან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საკადრო პრობლემები შეექმნა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებიდან პირველს 5 ივნისს ბულგარეთში ამერიკის 20-წლამდელების ნაკრებთან გამართავს.
ტრავმების გამო შეკრებას გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ალეკო ბასილაძე და გიორგი გვასალია გამოაკლდნენ.
ამას გარდა, გუნდის ბირთვის კიდევ ორი წევრი – ირაკლი ეგოიანი და საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები. 21-წლამდელებს ასევე ვერ დაეხმარება ანდრია ბართიშვილი, რომელიც, 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში მონაწილეობს.
ახალგაზრდული ნაკრები ამერიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ბლაგოევგრადში, „ჰრისტო ბოტევის“ სახელობის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.