მედიის ცნობით, აშშ-ში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
მედიის ცნობით, აშშ-ში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

აშშ-ში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. როგორც „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 252 ათასამდე ბავშვს, რაც პანდემიის დაწყებიდან არასრულწლოვნებში ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია.

პედიატრიის ამერიკული აკადემიისა და ბავშვთა საავადმყოფოთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ხუთ მილიონზე მეტ ბავშვს, აქედან მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირდა 750 ათასზე მეტი არასრულწლოვანი.

ორგანიზაციების მონაცემებით, ყოველკვირეული მაჩვენებელი ახლა დაახლოებით 300-ჯერ აღემატება ივნისის მაჩვენებელს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების ძირითადი რაოდენობა სამხრეთის შტატებზე მოდის.

ამავე დროს, მკვეთრად გაზრდილია ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რომელიც ივლისის შემდეგ 600%-ით არის მომატებული.

კორონავირუსის ინფექციით ამჟამად აშშ-ში 2 400 ბავშვია ჰოსპიტალიზებული.

ამასთან, ორი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით დაავადების მძიმე შემთხვევები და გარდაცვალება ბავშვებში კვლავ იშვიათ მოვლენად რჩება. თუმცა პედიატრიის ამერიკული აკადემია და ბავშვთა საავადმყოფოთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია დამატებითი მონაცემების შეგროვება ბავშვებში პანდემიის გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორც მათი ფიზიკური, ისე ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.