აშშ-ში სამ მსჯავრდებულს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა
აშშ-ში სამ მსჯავრდებულს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

მერილენდის შტატში ცრუ ბრალდების საფუძველზე მსჯავრდებულმა სამმა მამაკაცმა ციხე 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ალფრედ ჩესტნატს, ენდრიუ სტიუარტსა და რენსომ უოტკინს 14 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 1984 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი ქალაქ ბალტიმორში მდებარე ციხიდან 25 ნოემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მოსამართლემ საქმის გადახედვის შემდეგ მათ ბრალდებები მოუხსნა.

საქმის ხელახლა შესწავლის გადაწყვეტილება სასამართლომ ჩესტნატის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
ჩესტნატი, სტიუარტი და უოტკინსი 1983 წლის ნოემბერში დააკავეს. მაშინ სამივე მათგანი მოზარდი იყო. მათ 14 წლის დევიდ დაკეტის მკვლელობაში დასდეს ბრალი, რომელიც ბალტიმორის უმაღლეს სკოლაში მიმავალ გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

„სამი მამაკაცი ბავშვობაში პოლიციისა და პროკურატურის გადაცდომის გამო ცნეს დამნაშავედ“, – განაცხადა ბალტიმორის პროკურომა მერილინ მოსბიმ მამაკაცების გათავისუფლების შემდეგ.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 16 წლის ფერადკანიანი მოზარდები დეტექტივების სამიზნე სხვა მოზარდების ჩვენებების საფუძველზე გახდნენ. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე სამართალდამცველებმა უგულებელყვეს და დამალეს არაერთი თვითმხილველის ჩვენება, რომელიც სხვა ეჭვმიტანილზე მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში სხვა ეჭვმიტანილი 2002 წელს გარდაიცვალა

„არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს არის გამარჯვება. ეს არის ტრაგედია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბალტიმორის პროკურორმა მერილინ მოსბიმ.

„ეს ბრძოლა არ დასრულებულა. თქვენ კიდევ გაიგებთ ჩვენს ხმას“, – აღნიშნა გათავისუფლებულმა რენსომ უოტკინსმა ციხის დატოვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.