აშშ-ში მუჰამედ ალის მუზეუმის აღორძინებისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს
აშშ-ში მუჰამედ ალის მუზეუმის აღორძინებისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს კამპანია თანხის შესაგროვებლად, რომელიც ლეგენდარული ამერიკელის მოკრივის მუჰამედ ალის სახლის რემონტსა და იქ ხელმეორედ მუზეუმის გახსნას მოხმარდება. ალიმ ბავშვობა ამ სახლში გაატარა. ის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მდებარეობს. მომავალი მოკრივე ამ სახლში ოჯახთან ერთად ხუთი წლის ასაკში გადავიდა და იქ 15 წელი იცხოვრა.

კამპანიის მიზანია – 5.8 მილიონი დოლარის შეგროვება, რომელსაც გამოიყენებენ სტუმრების მისაღები ცენტრის ასაშენებლად და მუზეუმის ტერიტორიის მოსაწყობად. მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენლები ერთი მილიონის შეგროვებას თებერვლის ბოლოსთვის იმედოვნებენ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება კულტურული ცენტრის აღორძინებისთვის მუშაობა.

პირველ ჯერზე მუჰამედ ალის მუზეუმი 2016 წლის მაისში გაიხსნა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაიხურა ფინანსური პრობლემების გამო.

მუჰამედ ალი მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო. ის 2016 წლის 3 ივნისს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.