აშშ-ში მიმდინარე არჩევნებში გრძელი რიგების გამო, ამომრჩეველს პიცით უმასპინძლდებიან
აშშ-ში მიმდინარე არჩევნებში გრძელი რიგების გამო, ამომრჩეველს პიცით უმასპინძლდებიან

აშშ-ში კონგრესისა და გუბერნატორების არჩევნებში ხმის მისაცემად ამერიკელებს გრძელ რიგებში რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ დგომა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის გამო, მათ პიცით უმასპინძლდებიან. პიცის შესაძენად შემოწირულობები გროვდება.

CNN-ის ინფორმაციით, ინდიანასა და კენტუკის შტატებში საარჩევნო უბნების უმრავლესობა უკვე დაიხურა. არხის ცნობით, გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის მცხოვრებთა ორმა მესამედმა გადაწყვიტა, რათა საკუთარი პოზიცია გამოეხატა პოლიტიკურ კურსზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აირჩია.

აშშ-ის მოსახლეობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 35 წევრს ირჩევს. ამასთან, დღესვე აშშ-ის ამომრჩეველმა 36 შტატის გუბერნატორიც უნდა აირჩიოს. არჩევნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმად განიხილება. ამჟამად წარმომადგენელთა პალატას და სენატსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი, დღის წესრიგის შექმნას გააგრძელებენ. მაგრამ, თუ ერთ ან ორივე პალატაზე „დემოკრატები“ კონტროლს დაამყარებენ, შესაძლოა, „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის გეგემები მთლიანად შეცვალონ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ შესაძლოა, წარმომადგენელთა პალატაში შეიყვანოს უმრავლესობა.