აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება
აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. აშშ-ის მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, ანუ 435 წევრს და 100-ადგილიანი სენატის 35 წევრს აირჩევენ. ამავე დღეს 36 შტატში გუბერნატორების არჩევნები გაიმართება.

ამომრჩეველთა ნაწილმა საკუთარი არჩევანი ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის დროს უკვე დააფიქსირა. ტელეკომპანია CNN-ის მონაცემებით, ხმის მიცემის წინასწარ პროცედურაში მონაწილეობა 31 მილიონმა ამერიკელმა მიიღო.

ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში 236 რესპუბლიკელი და 193 დემოკრატი კონგრესმენია, ექვსი ადგილი კი ვაკანტურია. სენატში კი რესპუბლიკელები 51 მანდატს ფლობენ, დემოკრატები 49-ს.

ამგვარად კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. პოლიტოლოგების პროგნოზით, შუალედური არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ, რესპუბლიკელები კი სენატში სავარაუდოდ უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებენ.

თუკი დემოკრატები კონგრესის რომელიმე პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, ეს დონალდ ტრამპს მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას გაურთულებს.

ამას გარდა, 6 ნოემბერს ზოგიერთ შტატში სხვადასხვა საკითხზე რეფერენდუმებია დაგეგმილი. კერძოდ, ხუთ შტატში ხმის მიცემის პროცედურა გაიმართება სამედიცინო ან სარეკრეაციო მარიხუანას მომხმარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით; ორ შტატში მოსახლეობამ საარსებო მინიმუმის გაზრდის საკითხი უნდა გადაწყვიტოს; სამ შტატში კი კენჭისყრაზე აბორტებთან დაკავშირებული საკითხები გადის.