აშშ-ში დააკავეს ყოფილი სამხედრო, რომელიც კალიფორნიაში ნაციონალისტების აქციაზე ტერორისტული თავდასხმის მოწყობას გეგმავდა
აშშ-ში დააკავეს ყოფილი სამხედრო, რომელიც კალიფორნიაში ნაციონალისტების აქციაზე ტერორისტული თავდასხმის მოწყობას გეგმავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს ყოფილი სამხედრო, რომელიც კალიფორნიაში ნაციონალისტების აქციაზე ტერორისტული თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის ყოფილი ქვეითი მარკ სტივენ დომინგოა.

„გამოძიებამ წარმატებით ჩაშალა ძალიან რეალური საფრთხე, რომელსაც გაწვრთნილი მებრძოლი სამხედრო ქმნიდა. ის აცხადებდა, რომ სურდა, შედეგად მიეღო მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა“, – განაცხადა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურორმა, ნიკ ჰანამ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ 30-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ბომბის აწყობას მარტის დასაწყისიდან გეგმავდა.

ხელისუფლების მონაცემებით, აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე ებრაელები, ეკლესიები და პოლიციელები უნდა გამხდარიყვნენ. პროკურატურის ცნობით, ამგვარად მარკ სტივენ დომინგო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის შურისძიებას გეგმავდა. შურისძიების საჭიროების შესახებ ეჭვმიტანილი სოციალურ ქსელში წერდა. გარდა ამისა, იგი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი მხარდაჭერას გამოთქვამდა.

თუ დაკავებულს ტერორისტებისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენაში ან აღმოჩენის მცდელობაში ცნობენ დამნაშავედ, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.