აშშ-ში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა აღირიცხა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 100 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც უმთავრესად ადვილად გადამდებ დელტა ვარიანტს უკავშირდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქვეყნის ინფექციურ დაავადებათა მთავარმა ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების მისაცემად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ნაბიჯით აშშ შეუერთდება ჩილეს, გერმანიას, საფრანგეთსა და ისრაელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მესამე დოზის ინიციატივას მხარს ჯერჯერობით არ უჭერს და პრიორიტეტად მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანისთვის პირველი დოზით აცრას ასახელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 50 პროცენტი უკვე სრულად არის აცრილი.