აშშ შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი დასკვნის გამო, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი დასკვნის გამო, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს

აშშ უკიდურესად შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების მიერ გავრცელებული წინასწარი დასკვნის გამო, რომლის თანახმადაც, რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„გავრცელებული ცნობები ზუსტი თუ აღმოჩნდება, აშშ მხარს დაუჭერს ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ და მზად არის, ამ ძალისხმევას დაეხმაროს. ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებს სრული, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას და ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ფიქრით ბატონი ნავალნის ოჯახთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდება“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

24 აგვისტოს კლინიკა „ჩარიტიმ“ (Charite), სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობს, დაადასტურა, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია. კლინიკური კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთა ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია.