აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ქნესეთის მიერ მიღებული ახალი კანონის გამო, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება აუკრძალოს
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ქნესეთის მიერ მიღებული ახალი კანონის გამო, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება აუკრძალოს

ქნესეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, აუკრძალოს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ოპერირება ისრაელში იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ახალი კანონის ფარგლებში, საერთაშორისო მედიისთვის ოპერირების აკრძალვის უფლება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კომუნიკაციების მინისტრს ექნებათ.

ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ განაცხადა, რომ, ახალი კანონის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ იმოქმედებს, რათა დახუროს ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“.

ქნესეთში მიღებულ კანონს ბაიდენის ადმინისტრაცია ეხმაურება. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, აშშ შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით.

„ჩვენ გვჯერა, რომ პრესის თავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აშშ მხარს უჭერს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის არიან ისინი, ვინც აშუქებენ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს. თუ ეს ინფორმაცია მართალია, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჟან-პიერმა ბრიფინგის დროს.